საინჟინრო კომპანია ბაუმერის საგანმანათლებლო პროექტი — ბაუმერის აკადემია — განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბაუმერის თანამშრომლობის შედეგად, 11 დეკემბერს უნივერსიტეტში ბაუმერის აკადემიის დამატებითი სადემონსტრაციო სივრცე ოფიციალურად გაიხსნა.
ახალი სივრცე სტუდენტებსა და აკადემიის ტრენინგის მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკულად გაეცნონ MEP საინჟინრო მიმართულების თანამედროვე სტანდარტებს, ტექნოლოგიებსა და სამუშაო პროცესის დეტალებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განთავსებული სივრცე საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, თეორიული ცოდნა რეალურ საინჟინრო გარემოში გამოიყენონ და პროფესიული უნარები პრაქტიკაში განავითარონ.

„ბაუმერის აკადემიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია — ამ დამატებითი სადემოსნტაციო სივრცით აკადემია კიდევ უფრო უახლოვდება სტუდენტებსა და მომავალ პროფესიონალებს.“ აღნიშნა ბაუმერის აკადემიის ხელმძღვანელმა- ნინი გვარაძემ. „ბაუმერი არის ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგის წევრი კომპანია და ქართველი ლექტორებთან ერთად, სწორედ ჰოლდინგის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან — იაპონიიდან, დანიიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან — ჩაატარებენ ტრენინგებს აღნიშნულ სივრცეში.“
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბაუმერს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდა და მოიცავს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს, სტაჟირებებსა და პროფესიული ტრენინგების პროგრამებს.
„ამ სივრცის გახსნით კომპანია ბაუმერი მხარს უჭერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს — მომავალ ინჟინრებს, ტექნიკოსებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ხვალ ქვეყნის საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მთავარ როლს შეასრულებენ.“ განაცხადა ბაუმერის დამფუძნებელმა და Infinity Ventures Holding-ის დირექტორმა, ლევან ყირიმლიშვილმა.

ბაუმერის აკადემიის სასწავლო პროგრამები ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასა და მეთოდებს. აკადემიის უნიკალურობას განაპირობებს სწავლების პროცესში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნიკისა და ხელსაწყოების გამოყენება, აგრეთვე რეალურ პროექტებზე დაფუძნებული პრაქტიკული მაგალითები.
ბაუმერის აკადემია თავდაპირველად შეიქმნა კომპანიის თანამშრომლების გადამზადებისა და პროფესიული განვითარების მიზნით. დღეს კი აკადემია უკვე გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს, ხოლო მისი კარი ღიაა ყველა იმ სპეციალისტისთვის, ვისაც სურს განვითარება საინჟინრო სექტორში, ცოდნის გაღრმავება და თანამედროვე პრაქტიკასთან დაახლოება.
