2025 წელი საინჟინრო კომპანია ბაუმერის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთ წარმატებულ თავს აჯამებს. დაარსებიდან 13 წლის შემდეგ, კომპანია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგიითა და სრული საინჟინრო სერვისების შეთავაზებით აგრძელებს ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ბაუმერის საქმიანობა თავდაპირველად მექანიკური მიმართულებით — ცხელი წყლის მომარაგებისა და გათბობის სისტემებით დაიწყო. შემდგომ წლებში კომპანიის სერვისებს დაემატა ვენტილაცია, ელექტრობა, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და სხვა საინჟინრო მიმართულებები. დღეს ბაუმერი პოზიციონირდება, როგორც სრული MEP საინჟინრო სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ ციკლს — პროექტირებიდან მონტაჟამდე და ექსპლუატაციის შემდგომ მომსახურებამდე.
ფინანსური შედეგები და ბაზრის დინამიკა
ბოლო წლებში საგრძნობლად შეიცვალა როგორც ბაზრის სტრუქტურა, ისე მომხმარებელთა ქცევა. თანამედროვე არქიტექტურული პროექტები სულ უფრო კომპლექსურ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს. მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებზე, ხოლო ელექტრობასთან ერთად საგრძნობლად იმატა ინტერესმა ავტომატიზაციის მიმართულებით, რაც MEP სერვისების სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს.
როგორც BMG-სთან ბაუმერის დაბფუძნებელმა და ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგის დირექტორმა ლევან ყირიმლიშვილმა განაცხადა, 2025 წელი ბაუმერმა მაღალი ფინანსური მაჩვენებლებით დაასრულა. წინა წელთან შედარებით კომპანიამ 37%-იანი ფინანსური ზრდა დააფიქსირა, რაც 11 მილიონი ლარის მატებით აისახა. აღნიშნული შედეგი ერთდროულად ასახავს, როგორც ბაზარზე მოთხოვნის ზრდას, ისე მომხმარებელთა ნდობის გაძლიერებას ბაუმერის მიმართ.
მიმდინარე პროექტები თბილისსა და ბათუმში
ქართულ ბაზარზე ბაუმერი ჩართულია არაერთ მასშტაბურ პროექტში. მათ შორისაა კავკასიის უნივერსიტეტის ორთაჭალის ახალი ფილიალი, ერთ ერთი წამყვანი ბანკის ახალი სათავო ოფისი, Ocean Capital-ის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები, Libo Group-ის სასაწყობე კომპლექსი და სხვა.
ბათუმი კომპანიისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ბაუმერი ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის საინჟინრო სისტემების მონტაჟს. პარალელურად, კომპანია ჩართულია Next-ის ორი მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსის — Next Address-ისა და Next Downtown-ის საინჟინრო სისტემების პროექტირებაში. 2026 წლიდან დაგეგმილია გათბობა-გაგრილების სისტემების მონტაჟის დაწყება გონიოში მდებარე Radisson Blu Residences-ის პროექტზე, ხოლო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება Metropol Oval — ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული მასშტაბური სახცობრებელი კომპლექსი.
კონკურენტული გარემო და ადგილობრივი უპირატესობა
„ბათუმის ბაზარზე კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია, მათ შორის აქტიურობენ საერთაშორისო და თურქული კომპანიები. მიუხედავად ამისა, ბაუმერმა შეძლო კონკურენტულ გარემოში საკუთარი პოზიციის გამყარება.“- განაცხადა ლევან ყირიმლიშვილმა. კომპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი უპირატესობაა მისი ადგილობრივი წარმომავლობა. ქართველი დამკვეთებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომსახურებას ადგილობრივი კომპანია უზრუნველყოფს, რაც პასუხისმგებლობის, საგარანტიო პირობებისა და გაყიდვის შემდგომი სერვისის თვალსაზრისით დამატებით სანდოობას ქმნის.
კადრების განვითარება და ბაუმერის აკადემია
კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ადამიანური რესურსის განვითარება წარმოადგენს. რამდენიმე წლის წინ ბაუმერმა დააფუძნა საკუთარი აკადემია, რომელიც თავდაპირველად შიდა კადრების გადამზადებაზე იყო ორიენტირებული. დღეს აკადემიის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
2025 წლის დეკემბერში გაიხსნა ბაუმერის აკადემიის დამატებითი სადემონსტრაციო სივრცე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, მიმდინარე წელს აკადემიაში არაერთი ტრენინგი წარმატებით ჩატარდა.
საერთაშორისო გაფართოება — უზბეკეთის ბაზარი
საერთაშორისო განვითარების თვალსაზრისით 2025 წელი ბაუმერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. კომპანიამ პირველი ნაბიჯები გადადგა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ რეგიონულ ბაზარზე — უზბეკეთში. ბაუმერის მონაწილეობამ ადგილობრივ საერთაშორისო გამოფენაში და შემდგომმა სამუშაო ვიზიტებმა საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან შეთანხმებებსა და თანამშრომლობის მემორანდუმებს, რაც კომპანიისთვის საერთაშორისო გაფართოების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.