8 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამის, CUnicorn-ის მეხუთე ნაკადის შემაჯამებელ ღონისძიებას — Demo Day-ს უმასპინძლა. ღონისძიება ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებითა და „ბაუმერის“ (BAUMER) მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენდა ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, რათა საკუთარი ინოვაციური იდეები ინვესტორებისა და დარგის ექსპერტებისთვის წარედგინათ. Demo Day-ში მონაწილეობა მიიღო შვიდმა სტარტაპ გუნდმა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ სტუდენტები, კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის პერსონალი და — პროგრამის ისტორიაში პირველად — აბიტურიენტებიც.
პროგრამის განმავლობაში გუნდები აქტიურად თანამშრომლობდნენ „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (Axel) საინვესტიციო საბჭოს წევრებსა და სხვა „ანგელოზ ინვესტორებთან“, რის შედეგადაც მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება და უკუკავშირი. ღონისძიება გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ; ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირინა მელუამ; GITA-ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ და „ბაუმერის“ დამფუძნებელმა და Infinity Ventures Holding-ის დირექტორმა, ლევან კირიმლიშვილმა.
თავიანთ გამოსვლაში მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობას. ჟურნალ Entrepreneur-თან საუბრისას, ლევან კირიმლიშვილმა აღნიშნა „ბაუმერის“ მოტივაცია ამ ინიციატივის მხარდაჭერისას: „ბაუმერისთვის“, როგორც საინჟინრო სფეროში მოქმედი კომპანიისთვის, ტექნოლოგიების მხარდაჭერა და მომავალი თაობის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ღირებულია ვიყოთ ამ გზის ნაწილი და მხარი დავუჭიროთ სტარტაპებს, რომლებიც გამოწვევებს არა ბარიერებად, არამედ შესაძლებლობებად აღიქვამენ.


